მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა უცხოელი ლიდერები ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის, რომელშიც იწერება – ,,ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!”
აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურისთვის გამოგზავნილ მილოცვაში ხაზს უსვამს ათწლეულების განმავლობაში აშშ-სა და საქართველოს შორის მტკიცე პარტნიორობას, რომელიც საერთო ღირებულებებს და ინტერესებს ეფუძნება.
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო!
ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს!
ათწლეულების განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე პარტნიორობა, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ინტერესებს. ამერიკის შეერთებული შტატები დიდად აფასებს და პატივისცემით ეპყრობა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის მნიშვნელოვან წვლილს ნატოს მისიაში ავღანეთში, სადაც ქართველი მებრძოლები ამერიკული და ნატოს ძალების მხარდამხარ მსახურობენ. ჩვენ მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ურყევ მხარდაჭერას ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ჩვენი პარტნიორობა გრძელდება, დღეს ჩვენ ვთანამშრომლობთ კორონავირუსის უპრეცედენტო გლობალურ პანდემიასთან ბრძოლაში.
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებას, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის მისწრაფებების განსახორციელებლად. ველი თქვენთან თანამშრომლობას, რათა დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაციასა და პოლიტიკური პლურალიზმის განმტკიცებაში, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში, რომლის საყრდენს წარმოადგენს დამოუკიდებელი სასამართლო, ასევე – ეკონომიკის დივერსიფიკაციაში.
გულითადად ვულოცავ ქართველებს, ვუსურვებ კეთილდღეობას, ნაყოფიერ და უსაფრთხო მომავალს“, – აღნიშნულია დონალდ ტრამპის მილოცვაში.
დიდი ბრიტანეთის დედოფალი მისი უდიდებულესობა ელისაბედ მეორე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: „დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას“.
საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი: ,,ქალბატონო პრეზიდენტო, საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბერდნიერებასა და კეთილდღეობას გისურვებთ.
ჯანდაცვის კრიზისი, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ზეგავლენას მოახდენს ასევე ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაზე, რაც ყველა სახელმწიფოსთვის უდიდეს გამოწვევას წარმოადგენს. როგორც ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს, 7 მაისს მოგახსენეთ, ჩვენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ამ გამოწვევაზე რეაგირებას, და თქვენ შეძლებთ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი სესხების ზრდა, რაც თქვენი ქვეყნის მიერ ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგეტიკის სექტორებში დაწყებული რეფორმების მხარდაჭერის შესაძლებლობას იძლევა, სრულად შეესაბამება ამ პერსპექტივას.
საფრანგეთსა და საქართველოს დიდი ხანია, რაც განსაკუთრებული, მეგობრული და ნდობით აღსავსე ურთიერთობა აქვთ. ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი განმტკიცდა „დიმიტრი ამილახვარის“ სახელობის სტრუქტურული დიალოგის დაარსებით, რომელიც დავიწყეთ პარიზში თქვენი ვიზიტისას, 2019 წლის თებერვალში, და რომლის პირველი რაუნდი პარიზში, გასულ დეკემბერში გაიხსნა. დაე, მომავალმა თვეებმა შესაძლებლობა მოგვცეს, ჩვენი ურთიერთობა გავაღრმაოთ, კერძოდ განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროში, ფრანგულ-ქართულ უნივერსიტეტში ლექციების დაწყებით, რომელიც 2020 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
გთხოვთ, მიიღოთ, ქალბატონო პრეზიდენტო, ჩემი უღრმესი პატივისცემის დასტური” – წერს ემანუელ მაკრონი.

You may have missed