ესპანეთში ბავშვს ერთდროულად 6 ორგანო გადაუნერგეს

ესპანეთის ერთ-ერთი საავადმყოფოდან გაწერეს ბიჭი, რომელსაც ერთდროულად 6 ორგანო გადაუნერგეს. ამის შესახებ Europa Press-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ოპერაცია, რომლის დროსაც პაციენტს კუჭი, ღვიძლი, თორმეტგოჯა ნაწლავი, წვრილი ნაწლავი, მსხვილი ნაწლავის ნაწილი და კუჭქვეშა ჯირკვალი გადაუნერგეს, მადრიდის Hospital La Paz-ში პატარა ვიქტორს ბარსელონიდან თებერვლის ბოლოს ჩატარდა, გასულ პარასკევს კი ბიჭი გაწერეს.

პაციენტს, თანდაყოლილი გასტროშიზისი ჰქონდა – დეფექტი, რომლის დროსაც მუცლის ღრუში არსებული ნაწლავები, ზოგჯერ კი სხვა ორგანოები ნაპრალიდან ვარდება. ვიქტორი ორგანოებს 2 წლის განმავლობაში ელოდებოდა. ამ დროის მანძილზე ბიჭის სიცოცხლის შესანარჩუნებლად ის დღე-ღამეში 18 საათის მანძილზე პარენტერალური კვების აპარატზე იყო მიერთებული.

ექიმების ცნობით, ვიქტორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

You may have missed