მამუკა მდინარაძე – ფაქტების შემსწავლელი მისიის ჩამოსვლის საკითხმა „ნაციონალური მოძრაობა” თავისი ყველა სატელიტით პანიკაში ჩააგდო

ფაქტიურად, გადაწყვეტილია, რომ ჩვენი მოწვევით, საქართველოში ევროპარლამენტიდან ფაქტების შემსწავლელი მისია ჩამოვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, აღნიშნულმა ფაქტმა „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტური პარტიები პანიკაში ჩააგდო.

„ამ ფაქტმა პანიკაში ჩააგდო „ნაციონალური მოძრაობა” თავისი ყველა სატელიტით. ნახეთ მათი განცხადებები, მათი პათოსი, პანიკური გამოვლინებები, რაც მათ განცხადებებზე აისახა, იმას ნიშნავს, რომ ერთადერთი, რაც „ნაციონალურ მოძრაობასა” და მის სატელიტებს არ აწყობს, ეს არის ფაქტის დადგენა, რადგან ფაქტები ყოველთვის მათ საწინააღმდეგოდ მოქმედებს. „რუსთავი 2″-ის შემთხვევის დროს ფაქტები სხვაგან იყო და მათი შეფასებები სხვაგან, სტრასბურგმა კი თქვა, რომ „რუსთავი 2″-ის მაშინდელი მენეჯმენტი – ნიკა გვარამია, „ნაციონალური მოძრაობა” და ბათუ ქუთელიები, არასამთავრობო სექტორის ნაწილი იტყუებოდნენ. ამის შემდეგ ეუთო/ოდირის დასკვნა იყო, სადაც თქვეს, რომ ეს ის ადგილი არ არის, სადაც დადგინდება ნორმის კონსტიტუციურობა, რაზეც ასევე იტყუებოდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ოპოზიციის წევრები ახლა ფაქტის წინაშე დადგნენ, რომ შეიძლება, ფაქტების შემსწავლელმა მისიამ, ევროპარლამენტმა დაადგინოს, რომ ისევ იტყუებიან.

„მათი განცხადებებიც აქედან გამომდინარეობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

You may have missed